შალვა ნათელაშვილმა პარტიის წევრების გამიჯვნის შესახებ 'პრესა.ჯი'-სგან შეიტყო

  17:28:01     01-02-2013

100 დღიანი დუმილის შემდეგ ახმაურებული შალვა ნათელაშვილი თანამებრძოლების გარეშე დარჩა. "საქართველოს ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური კომიტეტის წევრები ნათელაშვილს გაემიჯნენ. დღეს პარტიის 8 კაციანი კომიტეტიდან ექვსმა  პარტიის რიგები დატოვა.

რაც შეეხება სამდივნოს, აქ  6 წევრიდან პარტიიდან წასვლის გადაწყვეტილება  ხუთმა მიიღო.

"ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მიმდინარეობდა და, სამწუხაროდ, დღემდე გრძელდება მოღალატე, დამღუპველი პოლიტიკოსების "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გამოყენება. "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკური კომიტეტის უმრავლესობა ერთგული, მებრძოლი აქტივისტის პატივისცემის მიუხედავად, ვემიჯნებით პარტიის თავმჯდომარეს და ვტოვებთ პარტიის რიგებს. ამასთანავე ვაცხადებთ, რომ ვაგრძელებთ ბრძოლას, ვქმნით ახალ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიას და ვრჩებით ჩვენი პოლიტიკური პრინციპების ერთგულნი", - აღნიშნულია პარტიიდან წამოსუული პირების მიერ გავრცელებულ განცხადებაში, რომელსაც ხელს  აწერენ პოლიტიკური კომიტეტის წევრი, გენერალური მდივანი იოსებ შატბერაშვილი; პოლიტიკური კომიტეტის წევრი იდეოლოგიური მდივანი კახაბერ ძაგანია; პოლიტიკური კომიტეტის წევრი, აღმასრულებელი მდივანი პაატა ჯიბლაძე; პოლიტიკური კომიტეტის წევრი საორგანიზაციო მდივანი კონსტანტინე გუგუშვილი; პოლიტიკური კომიტეტის წევრი რეგიონალური მდივანი გიორგი მთვარელიძე და პოლიტიკური კომიტეტის წევრი აპარატის უფროსი დავით ვერძეული.

‘’პრესა.ჯი’’ განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე წუთის შემდეგ ნათელაშვილის პრესცენტრს დაუკავშირდა. მისი განცხადებით, ეს ინფორმაცია ‘’პრესა.ჯი’’-სგან შეიტყო. მოგვიანებით ‘’ლეიბორისტულმა პარტიამ’’ განცხადება გაავრცელა, ვრცლად კი აღნიშნულ საკითხზე შალვა ნათელაშვილი ხვალ ისაუბრებს.

"ჩვენ საზოგადოება თავის დროზე არაერთხელ გავაფრთხილეთ, რომ პრემიერი ივანიშვილი ყველა თავისი რესურსით და სპეცსამსახურით ცდილობს მისგან უმართავი და დაუმორჩილებელი "ლეიბორისტული პარტიის" დაშლას ან დისკრედიტაციას.

სამწუხაროა, რომ როგორც ვვარაუდობდით ამ ანკესს წამოეგო პარტიის რამდენიმე აქტივისტი. ნაწილი არჩევნებამდე, ხოლო პატარა ჯგუფი დღეს.

"ლეიბორისტული პარტია" ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას ივანიშვილ-სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმის წინააღმდეგ და არ არსებობს ძალა, რომელიც ამ მიზანზე ხელს აგვაღებინებს"- მიიჩნევენ პარტიის რიგებში დარჩენილი ლეიბორისტები.